ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
მოკლე ისტორია
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

საერთაშორისო
     ხელშეკრულებები

პუბლიკაციები
ექსპერიმენტები
     ტოკამაკებზე

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - ექსპერიმენტული კვლე-
           ვების დინამიკა ტოკა-
           მაკებზე

   - პუბლიკაციები
პლაზმა ღია
     მაგნიტურ მახეში

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
დარტყმითი ტალღის
     ექსპერიმენტები

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
ლაზერული პლაზმა
   - პარამეტრები
   - კვლევები
არანეიტრალური პლაზმა
   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
იმპულსური სისტემები
   - პარამეტრები და
           კვლევები

   - პუბლიკაციები
გამოყენებითი კვლევები
   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
   - კვლევები

          

პლაზმის ფიზიკის განყოფილება

ინსტიტუტში პლაზმის ფიზიკის
განყოფილების დაფუძნების მოკლე ისტორია

       ელეფთერ ანდრონიკაშვილის თაოსნობით 1950 წლის ბოლოს ჩამოყალიბებულ ინსტიტუტში მისი
ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ფიზიკის აქტუალური მიმართულებით მომუშავე
არაერთი განყოფილება.
       1956 წელს, როდესაც პლაზმის მიმართულებით კვლევების მნიშვნელოვან შედეგებს საიდუმლო გრიფი მოეხსნა და ისინი გასაჯაროვდა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხადი გახდა, რომ ამ მიმართულებით კვლევებს აქვს დიდი პერსპექტივა ზოგადად ფიზიკის და, კერძოდ, მართვადი თერმობირთვული სინთეზის პრობლემის გადაწყვეტაში. აქედან გამომდინარე, ელეფთერ ანდრონიკაშვილმა გაიაზრა რა ინსტიტუტში პლაზმის ფიზიკის განვითარების აუცილებლობა და პერსპექტივა, 1958 წელს ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტიდან მოიწვია ქართველი ახალგაზრდა პერსპექტიული ფიზიკოსი-პლაზმისტი, ცნობილი საბჭოთა ფიზიკოსის, ალექსანდრე ახიეზერის მოწაფე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი ნოდარ ცინცაძე.
       1958-1960 წლებში ნოდარ ცინცაძის ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით იქმნება ინსტიტუტში პლაზმის ფიზიკის მიმართულებით მომუშავე ფიზიკოსთა პირველი ჯგუფი, რომლის საფუძველზე 1960 წლის დეკემერში ოფიციალურად დაფუძნდა პლაზმის ფიზიკის განყოფილება. პირველი, ე.წ. "დამფუძნებელი" შემადგენლობა იყო:
თეორეტიკოსები – ნოდარ ცინცაძე, ჯუმბერ ლომინაძე, ავთანდილ პატარია, ნიკოლოზ გიორგაძე, ციალა ლოლაძე, რამაზ რამაზაშვილი, ვლადიმერ (ვოვა)ფეტვიაშვილი; ექსპერიმენტატორები – ედუარდ ბარხუდაროვი, ბესიკ (ბუსა) ჟვანია, რემა ანტონოვა, არჩილ ხანთაძე, გიორგი (ფასო) როსტომაშვილი, მერაბ თაქთაქიშვილი, სულხან ნანობაშვილი.
       დაფუძნებისთანავე ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარიმართა როგორც თეორიული, ასევე
ექსპერიმენტული მიმართულებით.
       თეორიული კვლევების ძირითად საგანს პირველ ეტაპზე წარმოადგენდა ტურბულენტურ პლაზმაში ელექტრომაგნიტური ტალღების დაშლითი არამდგრადობა და მისი შესაძლო გამოყენება პლაზმის გასახურებლად.
       რაც შეეხება პირველ ეტაპზე ექსპერიმენტულ კვლევებს, აგებულ იქნა მაღალი ძაბვის ინდუქციური განმუხტვის ორიგინალური სისტემა, სადაც შეისწავლებოდა სხვადასხვა სიჩქარით მოძრავი მკვრივი პლაზმური გუნდების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კუმულიაციური ეფექტები.
       ელეფთერ ანდრონიკაშვილისა და ნოდარ ცინცაძის მხრიდან მუდმივად დიდი ყურადღება ექცეოდა თანამშრომელთა და თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტების გაგზავნას საბჭოთა კავშირის წამყვანი პლაზმური ცენტრების ასპირანტურაში დასპეციალების მიზნით. ამან უცილობლად ხელი შეუწყო იმას, რომ წლების განმავლობაში პლაზმის ფიზიკის განყოფილება დაკომპლექტებულ იქნა მაღალკვალიფიციური თეორეტიკოსებითა და ექსპერიმენტატორებით.
       ასპირანტურის გავლისა და საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან და 70-იანი წლების განმავლობაში განყოფილებაშიუკვე დაბრუნდა როგორც თეორეტიკოსების - რ.რამაზაშვილი, ვ.ფეტვიაშვილი, დ.ცხაკაია, გ.მაჩაბელი, გ.სურამლიშვილი, ასევე ექსპერიმენტატორების - ტ.ჭელიძე, ს.ნანობაშვილი, ნ. კერვალიშვილი, დიდი ჯგუფი. განყოფილებაში აგრეთვე მოვიდნენ თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული თეორეტიკოსი ვ.ბერეჟიანი და ექსპერიმენტატორები -
გ. გელაშვილი, ვ.ჭიჭინაძე, ვ. ბერეზოვსკი. ყველაფერმა ამან, მნიშვნელოვნად გაააქტიურა სამეცნიერო მუშაობა განყოფილებაში და ეს ჯგუფი გახდა ინსტიტუტში ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო კოლექტივი.
       1976 წელს ნოდარ ცინცაძის ძალისხმევითა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის მხარდაჭერით თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე დაფუძნებული პლაზმის ფიზიკის სპეციალობის პირველი კუსდამთავრებული (1978 წ.)წარმატებული სტუდენტები - გ.გოგიაშვილი, დ.რაზმაძე, მ.მდივნიშვილი, გ.გუმბერიძე – პლაზმის განყოფილებაში სადიპლომო ნაშრომის შესრულების შემდეგ ჩარიცხულ იქნენ განყოფილების თანამშრომლებად. შემდგომ წლებშიც ასევე, თსუ-ს პლაზმის ფიზიკის სპეციალობის არაერთი წარმატებული სტუდენტი გახდა ჩვენი განყოფილების წევრი.
       1970 წელს ნოდარ ცინცაძის ინიციატივითა და ძალისხმევით ფიზიკის ინსტიტუტმა დააარსა პლაზმის ფიზიკის ორკვირიანი სკოლა-კონფერენცია, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართებოდა უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით, ჯერ საკავშირო მნიშვნელობისა იყო და მალევე გახდა საერთაშორისო სტატუსის მქონე. ეს სკოლა-კონფერენცია თავისი მაღალი სამეცნიერო დონითა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლების რეალური ძალისხმევის გამო გახდა დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პლაზმის ფიზიკის მიმართულებით. ცხადია, პლაზმის განყოფილების სამეცნიერო მიღწევებთან ერთად. ამანაც განაპირობა განყოფილების მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი და ცნობადობა.
       აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთიმნიშვნელოვანი რამ – 1976 წელს ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის წამყვანი თეორეტიკოსის, ჯუმბერ ლომინაძის ძალისხმევით აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის, აკადემიკოს ევგენი ხარაძის მხარდაჭერით, ავთანდილ პატარაიასა და გიორგი მაჩაბლის მონაწილეობით, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დაფუძნდა პლაზმური ასტროფიზიკის განყოფილება, რომელიც ახლაც აგრძელებს წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კოლექტივია ობსერვატორიაში.
       შეიძლება ითქვას, რომ ამით დასრულდა პლაზმის ფიზიკის განყოფილების საბოლოო დაფუძნების პირველი
და მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი.
       რაც შეეხება პლაზმის ფიზიკის განყოფილების დაფუძნების ეტაპის შემდგომ სამეცნიერო საქმიანობას, ის კონკრეტულად ასახულია განყოფილების ვებ-გვერდზე, ქვემოთ.